ლიბანში მოქმედი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციის "ჰეზბოლას" პეიჯერების აფეთქება ისრაელის დაზვერვის და სპეცდანიშნულების სამსახურის – მოსადის ოპერაცია იყო, – იუწყება Reuters.

მისი ინფორმაციით, მოსადმა ტაივანის მიერ წარმოებულ 5000 პეიჯერში, რომლებიც "ჰეზბოლას" მიერ იყო შეკვეთილი, მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადება აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე უზრუნველყო.

როგორც Reuters იტყობინება, ეს ცნობა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის და კიდევ ერთი წყაროსგან მიიღო.

17 სექტემბერს ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონში, თითქმის ერთდროულად აფეთქდა ჰეზბოლას წევრთა პეიჯერები, რომლებსაც კავშირის საშუალებად იყენებენ.

18 სექტემბერს დილით განახლებული მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 9 და დაიჭრა 3000-მდე ადამიანი. დაჭრილებს შორისაა ლიბანში ირანის ელჩი. "ჰეზბოლამ" აფეთქებების ორგანიზებაში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაემუქრა.

თავად ისრაელს, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" მტრად ჰყავს გამოცხადებული, პეიჯერების აფეთქებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.