რუსეთი ჩინურ ძრავებსა და ნაწილებს იყენებს Гарпия-А1-ის კამიკაძე დრონების წარმოებაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters, ევროპული დაზვერვის ორ წყაროზე და მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ რუსული სამხედრო მწარმოებელი Алмаз-Антей-ს შვილობილმა კომპანიამ 2023 წლის ივლისიდან 2500-ზე მეტი ასეთი დრონი შექმნა.
Reuters-ის წყაროების თანახმად, Гарпия-А1-ს რუსული არმია უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დასაბომბად იყენებდა, "რაც იწვევდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებას, ასევე სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლს."
ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა სამუელ ბენდეტმა თქვა, რომ თუკი Гарпия-А1 დრონის არსებობა დადასტურდება, ეს ნიშნავს რუსული არმიის მიერ ირანულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებას.
"თუ ეს სიმართლეა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთს ახლა უფრო მეტად შეუძლია დაეყრდნოს შიდა რესურსებს და ასევე, ცხადია, ჩინეთს, რადგან ამ ომის ორივე მხარე დრონების წარმოებისთვის ბევრ ჩინურ კომპონენტზეა დამოკიდებული," - თქვა მან.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, Reuters-ის ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ პეკინი მკაცრად აკონტროლებს პოტენციური სამხედრო კომპონენტების ექსპორტს, მათ შორის დრონების.
"უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩინეთი ყოველთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობის ერთგული იყო." - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთისა და ირანის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს გამოცემის ავტორთა თხოვნას კომენტარისთვის.