შეერთებულმა შტატებმა და ერაყმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციის ჯარების გაყვანის გეგმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თანახმად, გეგმა, რომელიც დიდწილად შეთანხმებულია, მაგრამ საჭიროებს საბოლოო დამტკიცებას ვაშინგტონისა და ბაღდადისგან, ითვალისწინებს ასობით ჯარისკაცის გაყვანას 2025 წლის სექტემბრისთვის, ხოლო დანარჩენების 2026 წლის ბოლომდე.
"ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ერთადერთი საკითხია, როდის გამოვაცხადოთ იგი," - თქვა ამერიკის მთავრობის წარმომადგენელმა.
მხარეები შეთანხმების გამოცხადებას რამდენიმე კვირის წინ გეგმავდნენ, მაგრამ მისი გადადება ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო გადაწყვიტეს, რომელიც დაკავშირებულია ღაზაში ომთან.
რამდენიმე წყარომ თქვა, რომ შეთანხმება შეიძლება ამ თვეში გამოცხადდეს.
შეთანხმება ბაღდადსა და ვაშინგტონს შორის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგია, რომელიც იანვარში ერაყის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო, ერაყის ბაზებზე დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების თავდასხმების ფონზე.
შეერთებულ შტატებს დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ჰყავს ერაყში და 900 მეზობელ სირიაში, როგორც კოალიციის ნაწილი, რომელიც 2014 წელს დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად შეიქმნა.
სხვა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ, ასევე გაგზავნეს ასობით ჯარისკაცი კოალიციაში.
ერაყი ახლა ამბობს, რომ მას შეუძლია ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდეს.
გეგმის მიხედვით, ყველა კოალიციური ძალა დატოვებს აინ ალ-ასადის ავიაბაზას დასავლეთ ანბარის პროვინციაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაღდადში ყოფნას 2025 წლის სექტემბრამდე.
აშშ და კოალიციის სხვა სამხედროები 2026 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ერბილში დარჩებიან, ნახევრად ავტონომიურ ჩრდილოეთ ქურთისტანში, რათა ხელი შეუწყონ ოპერაციებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.