რუსეთი და ჩინეთი ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაფართოებას აპირებენ. ორივე ქვეყანამ დაადასტურა მათი ინტერესი Сила Сибири 2-ის გაზსადენის აშენების მიმართ, რათა რუსული გაზი ჩინეთში მონღოლეთის გავლით შევიდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.
"სტრატეგიულად, რუსეთიც და ჩინეთიც დაინტერესებულნი არიან საწვავის და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებით და კომპანიები შეთანხმდებიან განხორციელების გზებზე. Сила Сибири 2-ის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით ორივე მხარის ინტერესი დადასტურდა და პარალელურად შესაძლებელია ნავთობსადენის გაგრძელება. იქ სხვადასხვა მარშრუტებია. ერთ-ერთი მათგანი მონღოლეთის გავლით. უფრო მეტიც, ერთ დერეფანში შესაძლებელია როგორც გაზსადენის, ასევე ნავთობსადენის გაყვანა. მაგრამ ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება საუკეთესო," - თქვა პუტინმა.
"ჩინეთის ეკონომიკა იზრდება, მას სჭირდება ენერგორესურსების მიწოდების გაზრდა, რაც აუცილებელია ამ ზრდის შესანარჩუნებლად, არაფერია უფრო საიმედო, ვიდრე რუსეთიდან იმპორტი," - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი და ჩინეთი იპოვიან გადაწყვეტილებებს ორმხრივ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, რაც ჩინურ ბანკებს საშუალებას მისცემს თავიდან აირიდონ შეერთებული შტატებისგან მეორადი სანქციების დაწესების საფრთხე.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა Сила Сибири 2-ის გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმების ხელის მოწერას უახლოეს მომავალში გეგმავს. მისი თქმით, იგეგმება მონღოლეთის გავლით 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე რუსული გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმება.
რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს 2600 კილომეტრიანი გაზსადენის, Сила Сибири 2-ის მშენებლობაზე, რათა იამალის ნახევარკუნძულიდან ჩინეთში, მონღოლეთის გავლით, გაზი შეეტანა. უკვე აშენებული გაზსადენი Сила Сибири, რომლის სიგრძეც სამი ათასი კილომეტრია, რუსულ გაზს ციმბირიდან ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჩინეთის პროვინცია ჰეილუნცზიანს აწვდის.