რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა და უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.
tass.ru-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუ დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა.
„დანიშნოს სერგეი კუჟუგეტოვიჩ შოიგუ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შოიგუ ასევე იქნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომისიაში და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის მუშაობის ზედამხედველი.
პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად სამოქალაქო თანამდებობის პირის დანიშვნის შესახებ ინოვაციების დანერგვის აუცილებლობით ახსნა.
პესკოვმა განაცხადა, რომ საჭიროა ზოგადად უსაფრთხოების ბლოკის ეკონომიკა და კერძოდ თავდაცვის სამინისტროს ინტეგრირება ქვეყნის ეკონომიკაში.
ცნობისთვის, პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა შესთავაზა.