რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "დღეის მდგომარეობით" რუსეთის ფედერაცია არ გეგმავს უკრაინული ხარკოვის აღებას. ამის შესახებ პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости წერს.
"რაც შეეხება ხარკოვს, დღეს ასეთი გეგმები არ არსებობს." - თქვა პუტინმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარები "ყოველდღიურად მიიწევენ წინ მკაცრად გაწერილი გეგმის მიხედვით და წარმატებას აღწევენ."
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა ხარკოვის რეგიონში თითქმის 70 კილომეტრით გააფართოვეს, რითაც ცდილობდნენ უკრაინული მხარე აიძულონ რეზერვიდან დამატებითი ბრიგადები გამოიყენოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ხარკოვის რეგიონში მძიმე ბრძოლებს ელის, რადგან, მისი ინფორმაციით, რუსები შემდგომი შეტევისთვის ემზადებიან.