გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ოზურგეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ოფისის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გურიის ოფისის მშენებლობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული ერთეულის - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გაძლიერების პროცესის ნაწილია.

„გარემოსდაცვითი კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილია რეგიონული ოფისების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება გურიის ოფისის მშენებლობა. კომფორტული სამუშაო გარემო და სხვა შესაბამისი პირობები თანამშრომელთა მოტივაციას კიდევ უფრო აამაღლებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გურიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბრაკონიერობასთან და ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებასთან ბრძოლას. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შავი ზღვის დაცვაა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის ოფისის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება 970 000 ლარია. ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილ ოფისში გურიის განყოფილების თანამშრომლები განთავსდებიან.

მინისტრთან ერთად  მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, ზურაბ ეზუგბაია, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.