ამ კვირაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასატარებელ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტერიალში პოლონეთი მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვიეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ შინკოვსკი ველ სენკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შინკოვსკი ველ სენკის თქმით, ის არ მიიღებს მონაწილეობას ეუთოს შეხვედრაში და ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში არცერთ მოადგილეს არ გაგზავნის.

"ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელმაც უნდა ააშენოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში," - აღნიშნა მან.

შინკოვსკი ველ სენკმა ლავროვის ყოფნას "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ პოლონეთი იზიარებს ბალტიისპირეთის ქვეყნების შეხედულებას, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ ეუთოს შეხვედრას არ დაესწრებიან.

სამშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრმა კულებამ, ორგანიზატორების გადაწყვეტილების გამო უარი თქვა ეუთოს შეხვედრაში მონაწილეობაზე. შემდგომში ეუთოს სხდომის ბოიკოტს შეუერთდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

კულებას თქმით, მას კიდევ რამდენიმე კოლეგამ დაუდასტურა, რომ სკოპიეში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

ზოგიერთმა სახელმწიფომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ბულგარეთმა ცა გაუხსნა ლავროვის თვითმფრინავს.