თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 84 849,4 ათასი ლარით გაიზარდა და 2 591 827,7 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი.
ბიუჯეტის ზრდას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2 მილიარდ 600 მილიონს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი თბილისის გამგეობებზე გადანაწილდება, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„ტენდენცია, რომ ბიუჯეტი იზრდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამგეობებზე გადანაწილდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხები, რომლებიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, კიდევ უფრო მალე გადაიჭრება. თითოეული თეთრის მატება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოსახლეობის ინტერესებს ხმარდება. ამას გარდა, გაზრდილი ბიუჯეტი სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც მოხმარდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.












