ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, გადაწყვეტილება სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალთან დაკავშირებით მიიღეს, რომელსაც სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაციის წევრები დაესწრებიან.
მთავრობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის რეგლამენტს, რომელიც საერთაშორისო კონფერენციების დროს, რუსეთის მიმართ დაწესებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვებას ითვალისწინებს.
სკოპიეში 29 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე დასწრებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიდევ 17 რუსი დიპლომატი და 24 რუსი ჟურნალისტი გეგმავს. შარშან მინისტერიალი პოლონეთში გაიმართა და ვარშავამ ქვეყანაში რუსეთის პირველი დიპლომატის შეშვებაზე უარი განაცხადა.