ბალტიის ქვეყნებმა ეუთოს მინისტერიალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიწვევის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ ღრმად ვწუხვართ გადაწყვეტილების გამო, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პირადად მიიღოს მონაწილეობა სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 30-ე სესიაში. ეს რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის მორიგ საშუალებას მისცემს. ამასთან, ლავროვის დასწრება ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთოს ფუნდამენტურ პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან და უპატივცემულობასთან შეგუების რისკს. ჩვენ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრები ამის ნაწილი არ ვიქნებით და არ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ამის შედეგებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სკოპიეში 30 ნოემბერს იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატო–ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავა.

ბულგარეთმა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში უნდა ჩავიდეს.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

"რადიო თავისუფლების" ბულგარული სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ლავროვის თვითმფრინავის შეშვება გამონაკლისის სახით დაუშვეს, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მინისტრთა შეხვედრის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით.