რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც დღეს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომა იწყება. NATO–ს წევრი ჩრდილოეთ მაკედონია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.

28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთო–ს მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის თხოვნით, ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს. თუმცა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს იუწყებიან, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში ჩავიდა ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით.

რუსული სააგენტოების ცნობით, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიცაა.

ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.