მოლდოვას რესპუბლიკა NATO-ს წევრობას არ აპირებს, მაგრამ უსაფრთხოების პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ალიანსთან უნდა ითანამშრომლოს, - ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის "მოქმედება და სოლიდარობა" ლიდერმა იგორ გროსუმ ტელეკომპანია PRIME-ის ეთერში განაცხადა. ინტერვიუს ტექსტი არხის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, "მოლდოვას NATO-ში გაწევრიანება - არ გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ არის".
გროსუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვას ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია დნესტრისპირეთის რეგიონში ამზადებს დივერსანტებს, რომლებსაც შემდეგ უკრაინაში იყენებს. "ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ დანაყოფები გარკვეულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან", - განაცხადა მან და დასძინა, რომ საომარ მოქმედებებში მათ მონაწილეობაზე საუბარი არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "პუტინის მიზანია, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიაღწიოს". როგორც ჩანს, უკრაინის არმია მასიურად არის კონცენტრირებული "აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფრონტებზე", - დასძინა მან.
მოლდოვასა და NATO-ს შორის თანამშრომლობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭომ 2006 წლის 19 მაისს მხარეთა შეთანხმებით მიიღო და კიშინიოვმა იმავე წლის 24 მაისს დაამტკიცა. მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გეგმა 2010, 2014, 2017 და 2022 წლებშიც განახლდა.
გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებული იყო მოლდოვის სამხედროების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, მოლდოვის არმიის NATO-ს სტანდარტებზე გადაყვანა, ალიანსთან თანამშრომლობის გაფართოება უსაფრთხოების სფეროში და კიშინიოვის მონაწილეობა ერთობლივ ოპერაციებში. ამასთან, განსაკუთრებული ხაზი გაესვა მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.