ექვსი დღის განმავლობაში ახალი ზელანდიის პოლიცია ყურადღებით აკვირდებოდა მამაკაცს, რომელმაც ძვირად ღირებული ფაბერჟეს კვერცხის ფორმის გულსაკიდი გადაყლაპა. მათი მოთმინება დაჯილდოვდა: გულსაკიდი ხუთშაბათს საღამოს იპოვეს მას შემდეგ, რაც ის „ბუნებრივად გავიდა ეჭვმიტანილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან“ სამედიცინო ჩარევის გარეშე, განაცხადა პოლიციამ.

მამაკაცი 28 ნოემბერს დააკავეს ოკლენდში, საიუველირო მაღაზიაში. მას შემდეგ ის პატიმრობაში იმყოფება, პოლიციელები კი დღე და ღამე მის გვერდით დგანან და მტკიცებულებებს ელოდებიან.

პოლიციის ინსპექტორმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ მამაკაცს დაკავების შემდეგ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მას მუდმივად აკვირდება აკვირდებოდა პოლიციელი. 

„გარემოებებიდან გამომდინარე, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“ - თქვა მან.

ფაბერჟეს კვერცხის ფორმის გულსაკიდი შთაგონებულია ჯეიმს ბონდზე 1983 წელს გადაღებული ფილმით „რვაფეხა“, რომელიც ასახავს საიუველირო ნაკეთობების კონტრაბანდას ფაბერჟეს ყალბი კვერცხის გამოყენებით.

ახალი ზელანდიის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს გულსაკიდი მისი „აღმოჩენის“ შემდეგ. მასზე შემორჩენილი ფასის ეტიკეტის თანახმად, მისი ღირებულება 33,585 ახალზელანდიური დოლარია (დაახლოებით 16,500 ევრო).

მედიით გავრცელებული გულსაკიდის აღწერილობის თანახმად, ის 18 კარატიანი ყვითელი ოქროსგან (კარატი ამ შემთხვევაში ოქროს შემცველობის საზომი ერთეულია. 18 კარატი ნაკეთობაში ოქროს 75%-იან შემცველობას შეესაბამება - „აიპრესი“) არის დამზადებული და 60 თეთრი ბრილიანტითა და 15 ლურჯი საფირონით. კვერცხში ოქროს რვაფეხაა, რომლის თვალის უბეებში შავი ბრილიანტებია ჩასმული.

32 წლის ქურდის სახელი არ გახმაურებულა. ის ორშაბათს ოკლენდის რაიონულ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს, მანამდე კი პატიმრობაში დარჩება.