ვიმედოვნებ, რომ მშვიდობა მალე დაისადგურებს, ეს შეიძლება, ჩვენი შვილებით დაიწყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა.

მელანია ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების შესახებ კომუნიკაცია აქვს. მელანია ტრამპის თქმით, მასსა და პუტინს შორის თანამშრომლობის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა ბავშვი დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს.

როგორც მელანია ტრამპმა განაცხადა, ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ალიასკის სამიტის დროს პრეზიდენტ პუტინს მისი წერილი გადაეცა. პირველი ლედის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მას წერილობით უპასუხა და გამოხატა პირდაპირი დიალოგის მზადყოფნა, ასევე დეტალები მიაწოდა რუსეთში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტ პუტინს და მე ბავშვების კეთილდღეობასთან დაკავშირებით გვაქვს ღია კომუნიკაციის არხი. ბოლო სამი თვის განმავლობაში ორივე მხარემ კეთილსინდისიერად  მიიღო მონაწილეობა რამდენიმე არაფორმალურ  შეხვედრასა და სატელეფონო ზარში. ჩვენ შევთანხმდით ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ამ ომში ჩართული ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ. ჩემი წარმომადგენელი პირდაპირ თანამშრომლობს პრეზიდენტ პუტინის გუნდთან, რათა უზრუნველყოს ბავშვების უსაფრთხო გაერთიანება ოჯახებთან რუსეთსა და უკრაინას შორის. შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა ბავშვი დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს“,  – განაცხადა მელანია ტრამპმა.

მელანია ტრამპის თქმით,  რუსეთმა გამოავლინა მზადყოფნა მიეწოდებინა ობიექტური და დეტალური ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, რუსულმა მხარემ ამერიკულ მხარეს მიაწოდა გასულ კვირაში დაბრუნებული ბავშვების ბიოგრაფიები, ფოტოები, ასევე ინფორმაცია სოციალური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ. ამასთან, მას მიეწოდა დეტალური ანგარიში აღნიშნულ ბავშვებთან დაკავშირებით, რომელიც შემუშავდა ერთობლივად უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრისა და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა ომბუდსმენის ოფისის მიერ და დასტურდებოდა აშშ-ის მთავრობის მიერ.

თარგმანი: პირველი არხი