ისრაელის არმია არ დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზას სექტორში, რომელსაც რადიკალური მოძრაობა "ჰამასი" აკონტროლებს, ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში იქნება. ამის შესახებ Der Spiegel წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათ ასეთ სცენარს "ფაქტობრივად, შეუძლებელი" უწოდეს. პარალელურად, როგორც გამოცემა წერს, ისრაელის არმია აქტიური შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება.
ბაიდენის ვიზიტი ისრაელში ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს იგეგმება.
15 ოქტომბერს The New York Times-ი ისრაელის თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სახმელეთო ოპერაცია გასულ შაბათ-კვირას უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ის რამდენიმე დღით გადაიდო. ერთ-ერთი მიზეზად დასახელდა კლიმატური პირობები, კერძოდ, ღრუბლიანობა, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს დრონებსა და თვითმფრინავებს, რომლებმაც სახმელეთო ძალებს საჰაერო მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ და ასევე ღაზას მკვიდრ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მიცემა, ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთით გადაინაცვლონ: მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის წინ, ისრაელმა ღაზას სექტორის მოსახლეობას ურჩია ევაკუაცია რეგიონის სამხრეთით - ეს მილიონზე მეტ ადამიანს ეხება, გაერომ ევაკუაციას "ჰუმანიტარული კრიზისი" უწოდა.
სამშაბათს, ისრაელის არმიის სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები ღაზას სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ კამპანიის შემდეგი ეტაპისთვის ემზადებიან, მაგრამ ეს გეგმები არაა აუცილებელი, დაემთხვეს ანალიტიკოსების მოლოდინებს სწრაფი სახმელეთო შეტევის შესახებ.
"ყველა საუბრობს სახმელეთო შეტევაზე. შესაძლოა, ეს სხვა რამ იყოს", - ციტირებს BBC ჰეხტის სიტყვებს ჟურნალისტებისთვის გამართული ბრიფინგიდან.
დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ სამშაბათს დილით განხორციელდა საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორში, დაარტყა ჰამასის შტაბ-ბინებს, სამხედრო ობიექტებსა და თავშესაფრებს.
IDF-ის ცნობით, თავდასხმების სამიზნე იყო ღაზას ქალაქ ზეიტუნის რაიონი, ჩრდილოეთ რაფაჰი, ჯაბალია და ხან იუნისი.
IDF-ის წინა სახმელეთო ოპერაცია ღაზაში 2014 წელს ჩატარდა. მისი დანიშნულება იყო გვირაბების განადგურება, რომლებსაც "ჰამასი" და სხვა რადიკალური დაჯგუფებები იყენებდნენ ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად. ღაზას შიგნით გათხრილ გვირაბებში ჯერ კიდევ არის დაჯგუფების ათობით სამხედრო ობიექტი, მათ შორის იარაღის ქარხნები. მათი ჰაერიდან განადგურება შეუძლებელია. არსებობს ვარაუდი, რომ "ჰამასი" ისრაელის ტერიტორიიდან გატაცებულ ადამიანებს ამ გვირაბებში ამყოფებს.