ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" სამხედრო სპიკერის აბუ ობეიდას თქმით, ამჟამად ღაზაში 200-იდან 250-მდე მძევალია. მან აღნიშნა, რომ ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია "უსაფრთხოების და პრაქტიკული სირთულეების" გამო, მაგრამ დაადასტურა, რომ მათგან 200 "ჰამასის" ხელშია.
სატელევიზიო განცხადებაში მან განაცხადა, რომ დაახლოებით 50 მძევალი სხვა "წინააღმდეგობის ფრაქციების ხელშია და სხვა ადგილებშია."
"უცხოელი მძევლები "ჩვენი სტუმრები არიან," - აღნიშნა აბუ ობეიდამ და პირობა დადო, რომ მათ დაიცავს და გაათავისუფლებს, როდესაც "ადგილზე" პირობები ამის საშუალებას მისცემს.
აბუ ობეიდას თქმით, ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის საფრთხე "ჩვენ არ გვაშინებს და ჩვენ მზად ვართ ამისთვის."
"ჰამასის" ცნობილმა ფიგურამ და ჯგუფის ყოფილმა პოლიტიკურმა ლიდერმა ხალედ მაშალიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის ციხეებში 6000 პალესტინელი პატიმარია და ჰამასს საკმარისი მძევლები ჰყავს - მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალების ღაზას დივიზიის მაღალჩინოსნები, რათა ყველა მათგანი გაათავისუფლოს.
ის ასევე ამბობს, რომ ღაზის მოსახლეობა არ დატოვებს დასახლებას, რადგან მათი გადაადგილება ზიანს აყენებს ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის იორდანიას. მაშალის თქმით, პალესტინელების მასობრივი გადასახლება მეზობელ ქვეყანაში შეიძლება გახდეს პრეცედენტი დასავლეთ სანაპიროზე.