გუშინ, ჩეხეთში, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის ორდღიანი პროცედურა დასრულდა და ახალი პარლამენტის 200 დეპუტატის ვინაობა გაირკვა.
ჩეხეთის 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება 34,5%-ით ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია Ano-მ (Akce nespokojených občanů - უკმაყოფილო მოქალაქეთა ქმედებები) მოიპოვა. პარტიას პარლამენტში 80 დეპუტატი ეყოლება.
მეორე ადგილზე 23.4%-ით მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსმა Spolu-მ („ერთად“)-მ დაიკავა. ალიანსს, რომელშიც ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას პარტია „სამოქალაქო დემოკრატები“ შედის, პარლამენტში 52 დეპუტატი ეყოლება.
მესამე ადგილზე 11,2%-ით Stan-ი („მერები და დამოუკიდებლები“) გავიდა. იგი პარლამენტში 22 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
მეოთხე ადგილზე გასულმა „პირატებმა“ მართალია ვერ შეძლეს ნავარაუდევი ორნიშნა პროცენტის მიღება, მაგრამ მთავარი ამოცანა შეასრულეს და 7,8%-ით მეხუთე ადგილზე გასულ უმთავრეს კონკურენტს, ულტრამემარჯვენე „თავისუფლება და პირდაპირ დემოკრატიას“ 1,2%-ით აჯობეს.
„პირატების“ სიით არჩეულ 18 დეპუტატს შორის არის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, პრაღის კარლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, 22 წლის კატერინა დემეტრაშვილი.
კატერინა დემეტრაშვილი არჩევნების წინ ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის მუსიკალური ოჯახიდანაა და ამიტომაც სამი წლის ასაკში ეუფლებოდა მუსიკას, ფორტეპიანო ყოველთვის იყო მთავარი ინსტრუმენტი, მაგრამ მაგრამ ასევე დავდიოდი ფლეიტის გაკვეთილებზე, ვცეკვავდი და ვმღეროდი გუნდში.
ჩემი მშობლები ორივე საქართველოდან არიან და აქტიურად არ არიან ჩართულნი ჩეხეთის პოლიტიკაში. მამაჩემი ამჟამად უკრაინაში იბრძვის. იგი სნაიპერია ქართული ლეგიონში. აგრესორების წინააღმდეგობის გაწევა, არსებითად, ჩვენს სახლში ტრადიციაა. ჩემი ბაბუა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლების მონაწილეა, - აცხადებდა კატერინა დემეტრაშვილი.
„მე ტეხასში დავიბადე. ჩემი მშობლები იქ შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა, მე პრაქტიკულად ბავშვობიდან ჩეხეთში ვცხოვრობ“ - უპასუხა კატერინა დემეტრაშვილმა კითხვაზე: „თქვენ აქ, ჩეხეთში დაიბადეთ?“