ფოთის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი  16 058 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  39, 64%-ია. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

„20:00 საათისთვის ყველა უბანი დახურულია. 20:00 საათის მონაცემებით ჩვენ გვყავს 16 058 ამომრჩეველი,  ეს არის 39, 64%. რაც შეეხება უბნებს, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, არცერთი საჩივარი არ დაწერილა არც საუბნო საარჩევნო კომისიაში და არც საოლქო კომისიაში. ამ ეტაპისთვის უბანი უკვე ემზადება, რომ გადაითვალოს ხელით  ბიულეტენები და  ამის შედეგად დგება უკვე საბოლოო შემაჯამებელი ოქმი",- განაცხადა სალომე როდონაიამ.

ცნობისათვის,  ფოთში 4 პოლიტიკური პარტია იყრიდა კენჭს: ,,ქართული ოცნება", ,,გახარია საქართველოსთვის", „ძლიერი საქართველო - ლელო" და ,,კონსერვატორები საქართველოსთვის". მერობის  კანდიდატი კი მხოლოდ მოქმედი მერი „ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ბექა ვაჭარაძე იყო.

ფოთში სულ 40 511  ამომრჩეველია რეგისტრირებული.