ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი, კომენტარს აკეთებს იმ ცნობებზე, რომ გრეტა ტუნბერგს ციხეში სასტიკად და დამამცირებლად მოეპყრნენ.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნათლად ვთქვა: ვამაყობ ციხის სამსახურის მამაკაცებითა და ქალებით, რომლებიც ჩემს მიერ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად მოქმედებდნენ“, - განუცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა, ტელეარხ C14-ს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მიმავალი ფლოტილიის გემიდან აყვანილი და ისრაელის ციხეში გადაყვანილი გრეტა ტუნბერგის მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების დროს და დასძინა:
„ესენი ტერორისტების მხარდამჭერები არიან და არა მშვიდობის აქტივისტები. თუ ფიქრობდნენ, რომ პატივს სცემდნენ, ცდებოდნენ. მათ მაინც უნდა იცოდნენ კეციოტის ციხეში არსებული პირობები“.
იურიდიული დახმარების ჯგუფი „ადალაჰი“, რომელიც რამდენიმე აქტივისტს წარმოადგენს, აცხადებს რომ გეგმავს ოფიციალური საჩივრების შეტანას გაეროსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვედი აქტივისტი ციხეში დამცირებულ იქნა.
„ის აიძულეს, ეხოხა და ისრაელის დროშისთვის ეკოცნა“, - ამბობს თურქი ჟურნალისტი ერსინ ჩელიკი.
„ადალაჰის“ წარმომადგენელი, სენა ელიჩიუჯუკი ამბობს, რომ მან მსგავსი ჩვენებები მიიღო. გარდა ამისა, რამდენიმე შვედ აქტივისტს, მათ შორის შვედეთის პარლამენტის წევრ ლორენა დელგადო ვარასს, ასევე უარი ეთქვა მედიკამენტებზე.
„ეს სერიოზული ბრალდებებია და უნდა იქნეს გამოძიებული“ - აცხადებს იგი.