ერევანი, დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით, სამხრეთ კავკასიას და მათ შორის სომხეთსაც, დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთ-ამერიკის ერთობლივი წვრთნები სომხეთის მომავლის შესახებ შეშფოთებას იწვევს.
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა სომხეთ-ამერიკის სამხედრო წვრთნებზე, Eagle Partner 2024-ზე, რომელიც15 ივლისს დაიწყო.
ზახაროვას თქმით, აშშ და ევროკავშირი ცდილობენ სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდებას რეგიონში ტრადიციული პარტნიორების საზიანოდ და ეს, მისი აზრით, განსაკუთრებით შესამჩნევია სომხეთის მაგალითზე. მან ერევნის სურვილს, გააძლიეროს NATO-სთან ურთიერთობა, მონაწილეობა მიიღოს ალიანსის სამიტში ვაშინგტონში და სამხედრო წვრთნები ჩაატაროს "უცნაური ამბავი" უწოდა.
„მსგავსი მაქინაციები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ, რომელიც მოქმედებს როგორც NATO-ს ეკონომიკური დეპარტამენტი, არაერთხელ განხორციელდა სხვა ქვეყნებთან ერთად“, - აღნიშნა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, ამერიკელების გახშირებული ვიზიტები სომხეთში ქმნის ილუზიას, რომ ისინი ზრუნავენ ამ ქვეყნისა და მისი ხალხის კეთილდღეობაზე“.
„რეალურად, ისინი ითრევენ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ანტირუსულ კამპანიებში და ამით აზიანებენ არა იმდენად ჩვენ, რამდენადაც ამ სახელმწიფოებს, მათ ეკონომიკურ საქმიანობასა და ჰუმანიტარულ პოლიტიკას“, - განაცხადა ზახაროვამ.