აშშ-ს თუ აქვს ან ჰქონდა რამე სარწმუნო მონაცემები მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს რუსულ მხარეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ტელეგრამ-არხში“ დაწერა.
„თეთრი სახლის განცხადებით, ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინა ან უკრაინელები დაკავშირებული არიან ტერაქტთან მოსკოვში. რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნი მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა. თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები. როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ“, – წერს ზახაროვა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.