ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში წერს. მომხდარ თავდასხმას მან ტერაქტი უწოდა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს ზარებს მთელი მსოფლიოდან რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც მწუხარებას გამოხატავენ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით და მთელი კაცობრიობის თვალწინ მომხდარი ამ სისხლიანი ტერაქტის მტკიცე დაგმობის სიტყვებს.
ახლა, როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, მთელი ძალისხმევა ხალხის გადარჩენას ეძღვნება.
მთელი მსოფლიო საზოგადოება ვალდებულია დაგმოს ეს ამაზრზენი დანაშაული!“- წერს ზახაროვა.
„კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს რუსეთის გენერალური პროკურატურაც.
„დღეს საღამოს, კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში ღონისძიების დაწყებამდე კამუფლაჟში გამოწყობილი უცნობი პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება, გასართობი ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავი უწყებების ქმედებების კოორდინირება მოსკოვის ოლქის პროკურორს, სერგეი ზაბატურინს დაევალა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.