მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუმინეთის მოქალაქეებს 1 და 8 დეკემბერს საარჩევნო უბნებში გამოცხადების და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

„ძვირფასო რუმინელებო, პირველ და რვა დეკემბერს კვლავ მივცემთ ხმას. ჩვენ ვირჩევთ რუმინეთის პარლამენტს და რუმინეთის პრეზიდენტს. მეც მივდივარ ხმის მისაცემად, რადგან მინდა, რომ რუმინეთმა იცხოვროს მშვიდობიანად, ჰქონდეს ძლიერი ხმა მსოფლიოში და ცხოვრების მაღალი დონე ყველა მისი მოქალაქისთვის. რუმინეთში დაბადებული ჩემი ბებია და ბაბუა ალბათ, წავიდოდნენ ხმის მისაცემად. რუმინელ ხალხს აქვს ძალა და სიბრძნე, დაიცვას თავისი ადგილი მსოფლიოში და მისი მომავალი და სიძლიერე ხმის მიცემაზეა დამოკიდებული" - ამბობს მაია სანდუ თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.



იგი ამომრჩეველს შეახსენებს მოლდოვის და რუმინეთის დემოკრატიებისთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე და მოუწოდებს არ დაუჯერონ მათ, ვინც ცდილობს დაარწმუნოს, რომ კრემლს შეუძლია მშვიდობისა და კეთილდღეობის მოტანა.

რუმინელი ხალხი თავისუფალია! „მოგიწოდებთ ძლიერი, ევროპული რუმინეთისთვის, თავისუფალი ქვეყნისთვის ხმის მიცემისკენ", - ამბობს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში დიასპორა 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს მისცემს ხმას, რუმინეთში მცხოვრები მოქალაქეები კი 1 ნოემბერს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ საბოლოო ვერდიქტი შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ჯერ არ გამოუტანია და ჯერ დანამდვილებით არ შეიძლება ითქვას, ძალაში დარჩება თუ არა პირველი ტურის შედეგები და რომელი ტური და როდის გაიმართება.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოველები რუმინეთის არჩევნების აქტიური მონაწილეები არიან. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოლდოვეთიდან 80 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა (თითქმის ორჯერ მეტმა, ვიდრე 2019 წელს). მათმა 56,6%-მა მხარი მეორე ადგილზე გასულ დამოუკიდებელ კანდიდატს, ელენა ლასკონის დაუჭირა, პირველ ადგილზე გასულ, პრორუს პოლიტიკოსად მიჩნეულ და ნატოს, აგრეთვე უკრაინისადმი დახმარების მოწინააღმდეგე ქელინ ჯორჯესკუს კი მოლდოვაში მცხოვრები რუმინეთის მოქალაქეობის მქონეთა მხოლოდ 3,1%-მა მისცა ხმა.