რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სია, რომლებზედაც თავდასხმა არ უნდა მოხდეს უკრაინასთან შეერთებული შტატების შუამავლობით დადებული შეთამხმების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სია რუსულ და ამერიკულ მხარეებს შორის შეთანხმებული იყო. ამის დადასტურება აშშ-დან ან უკრაინიდან არ არსებობს.
სიაში შედის ატომური ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები, ნავთობისა და გაზსადენები, საცავი და სატუმბი სადგურები, ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებლები, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი და გადამცემი ინფრასტრუქტურა.
კრემლი აღნიშნავს, რომ მათი დაბომბვის მორატორიუმი ძალაშია 18 მარტიდან 30 დღით და შესაძლოა გაგრძელდეს.
"ერთ-ერთი მხარის მიერ მორატორიუმის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს, ჩაითვალოს თავისუფლად მისი შესრულების ვალდებულებისგან", – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.