შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატი, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, მოლაპარაკებების მოწყობას ცდილობს, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "Strana" პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, კიევის ხელისუფლება იქიდან გამომდინარეობს, რომ "ტრამპი, ფაქტობრივად, რესპუბლიკური უმრავლესობის მეშვეობით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს", რომელიც უკრაინისთვის თანხების გამოყოფას ბლოკავს. "ბანკოვაიაზე ეს ესმით და ამიტომ, ტრამპსა და ზელენსკის შორის პირდაპირი საუბრის მოწყობას ცდილობენ", - განუცხადა "Strana"-ს წყარომ.
მოლაპარაკებების ორგანიზება კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, წერს "Strana". ამ ფონზე, შეერთებულ შტატებში უკრაინის დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი შედიოდა. იქნება შეხვედრები თეთრ სახლში, კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის "მშვიდობის ფორმულა", უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გაღრმავება და ბევრი მნიშვნელოვანი თემა", - განაცხადა ერმაკმა მოგზაურობის გეგმებზე.
ოქტომბრის ბოლოს, წარმომადგენელთა პალატამ, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა ჰყავთ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ისრაელის დასახმარებლად, პალესტინის ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის ერთდროული დახმარების გარეშე, 14,3 მილიარდი დოლარის (13,5 მილიარდი ევროს) გამოყოფას ითვალისწინებს. თავის მხრივ, სენატმა, სადაც დემოკრატებს უპირატესობა აქვთ, კიევის დახმარების გარეშე კანონპროექტი დაბლოკა.
ტრამპმა, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კვლავ იბრძვის, არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უკრაინაში ომს "24 საათის განმავლობაში" დაასრულებს. ამ ზაფხულს მან თქვა, რომ ამ მიზნით, ზელენსკის და პუტინს ულტიმატუმებს წაუყენებს. "მე ვეუბნებოდი ზელენსკის: "კმარა. თქვენ უნდა დადოთ შეთანხმება. მე ვეტყოდი პუტინს: "თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მას იმაზე მეტს მივცემთ, ვიდრე ოდესმე მიუღიათ, თუ მოგვიწევს". ერთ დღეში დავდებ შეთანხმებას. ერთ დღეში", - განაცხადა ტრამპმა.
ამის საპასუხოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ მას შეუძლია, ტრამპს 24 წუთში აუხსნას, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი "ამ კონფლიქტს ვერ მართავს".