აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 5 000 დოლარით დააჯარიმეს.
ნიუ-იორკის მოსამართლე არტურ ენგორონის გადაწყვეტილებით, აშშ-ს ექსპრეზიდენტმა დაარღვია ვალდებულება, რომელიც სასამართლოს თანამშრომლების შესახებ შეურაცხმყოფელ საუბარს მის წინააღმდეგ თაღლითობის თაობაზე გამართული სასამართლო პროცესის დროს უკრძალავდა.
Reuters-ის ცნობით, ეს პროცესი დაკავშირებულია ტრამპის მიმართ წარდგენილ ბრალდებებთან, რომელიც მისი აქტივების ღირებულებაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება.
მოსამართლემ ექსპრეზიდენტს ჯარიმა დააკისრა, რადგან სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომლის მისამართით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებსაიტზე არ წაუშლიათ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ იგი დამამცირებლად ცნო და მისი წაშლის განკარგულება გასცა. ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, საიტზე პოსტის დატოვება უნებლიეთ მოხდა.