ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW), თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია ერთადერთი, ვისაც შეეძლო, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკიდურესად ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ პუტინის ბრძანების გარეშე, პრიგოჟინთან გასწორება თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს გადაეწყვიტათ, რომელთა წინააღმდეგ „ვაგნერმა“ 2023 წლის 23 ივნისს ამბოხება მოაწყო.
"რუსული ელიტა დარწმუნებული იყო, რომ ამბოხების შემდეგ პრიგოჟინი ცოცხალი დარჩა მხოლოდ პუტინის მითითებით. ორი თვის შემდეგ კი, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, გადაწყვიტა, რომ „ვაგნერელებს“ შორის პრიგოჟინის ავტორიტეტი უკვე საკმაოდ შერყეული იყო, თავად კერძო სამხედრო კომპანია კი – გახლეჩილი და დასუსტებული და სერიოზულ პრობლემებს აღარ უქმნიდა", – აცხადებენ ISW–ში.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. დაღუპულები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.
24 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფის რაიონში ათივე დაღუპულის ნეშტი ნაპოვნია.