ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა.
მაჰმუდ აბასი არც ახლო აღმოსავლეთის სხვა ლიდერებს, მათ შორის იორდანიის მეფე აბდულა II-ს და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის შეხვდება.
ღაზას ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 500 ადამიანი ემსხვერპლა. დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ საავადმყოფოში ომში დაჭრილი მოქალაქეების გარდა, ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, რომელიც თავს აფარებდა.
"ჰამასმა" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა და საავადმყოფოზე თავდასხმა შეაფასა, როგორც "სამხედრო დანაშაული".
ისრაელის თავდაცვის ძალებში საავადმყოფოზე თავდასხმას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ "საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე". თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია.
IDF-ში დაზვერვის მიერ მოპოვებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი ისლამური ჯიჰადია. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოს ისლამური ჯიჰადის გაუმართავი რაკეტა დაეცა.