საინფორმაციო სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ალ-აჰლის ჰოსპიტალზე თავდასხმის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ღაზის სექტორის ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 500 კაცი დაიღუპა, - იუწყება „ალ-ჯაზირა".

ტელეკომპანია „აღ-ჯაზირა" ღაზის სექტორის ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ალ-აჰლის" ჰოსპიტალზე ისრაელის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 500 კაცი დაიღუპა. 


თუ დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ისრაელის ყველაზე სასიკვდილო ავიაიერიში 2008 წლის შემდეგ მომხდარ ხუთ ომში.

„ცახალის" სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ჯერ არ ფლობს ყველა ინფორმაციას.

ის ამბობს, რომ ჯერ არ იცის, ნამდვილად ისრაელის ტერიტორიიდან მოხდა თუ არა საჰაერო დარტყმა, რომელსაც ასობით მსხვერპლი მოჰყვა.

„ბევრი საჰაერო დარტყმა ხდება, ბევრია წარუმატებლად გასროლილი რაკეტა და ბევრია „ჰამასის" მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია" - ამბობს იგი.