ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესაში მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა 19 და დაიღუპა 1 ადამიანი. ასევე, განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი.
"რუსების მორიგი სარაკეტო თავდასხმა მშვიდობიან ოდესაზე. 19 დაჭრილი, ერთი დაღუპული". - წერს კიპერი.
კიპერის ინფორმაციით, 6 სახლს შორის, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსი იყო. გარდა ამისა, დაზიანდა ათობით მანქანა. აფეთქებების შედეგად მრავალ შენობაში ჩაიმსხვრა ფანჯრები, სახურავები და ფასადები.
თავდასხმის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ ოდესაზე სარაკეტო ტერორი მარცვლეულის დერეფნის აღდგენის განეიტრალების მცდელობაა. დანილოვის თქმით, უკრაინამ რუსების გეგმის შესახებ იცის და მათ სათანადოდ უპასუხებს.
"ოდესის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი უკრაინის შავ ზღვაში გასასვლელის იზოლაცია და მარცვლეულის დერეფნის საერთაშორისო ძალისხმევის განეიტრალებაა. კრემლის გეგმამ უნდა შექმნას ხელოვნური შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებისთვის და გაზარდოს მიგრაციული საფრთხის დონე ევროპისთვის". - წერს დანილოვი.