უკრაინის ქალაქ ლვივში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. დაშავებულია 42 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა 9 დაღუპულის შესახებ, მოგვიანებით, კი ლვივის მერმა ანდრი სადოვოიმ განაცხადა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
„ახლახან იპოვეს ქალის ცხედარი. ის ნანგრევებიდან ამოჰყავთ“, - თქვა ქალაქის მერმა. მისივე თქმით, ამის შემდეგ სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულდება.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლის სამი სადარბაზოს მესამე და მეოთხე სართულები.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის აკვატორიიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით ოკუპანტების მიერ იერიში 6 ივლისს, დაახლოებით ღამის 1-ელ საათზე განხორციელდა.
მათივე ცნობით, დაფიქსირდა რაკეტების რამდენიმე ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა, შემდეგ კი მკვეთრად შეიცვალა კურსი დასავლეთისკენ.
საბოლოო ჯამში უკრაინის ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტიდან შვიდი გაანადგურეს. სამი კი ლვივში სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლვივზე დარტყმის შესახებ უშუალო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განაცხადა, რომ ღამით, სამხედროებმა შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით „კონცენტრირებული დარტყმა“ განახორციელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დროებითი დისლოკაციის პუნქტებისა და „უცხოელი დაქირავებულების“ წინააღმდეგ. ამასთან, რუსულ მხარეს არ დაუზუსტებია სად მდებარეობდა მათ მიერ გამოცხადებული სამიზნეები.