რა ფასს ვიხდით შეცდომებში, რომელიც პათოლოგანატომმა ბიოფსიის აღების დროს შეიძლება დაუშვას და რისთვის არის საჭირო ე.წ “მეორე თვალი”? - “აიპრესთან” ინტერვიუში საუბრობს „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ (Anadolu Medical Center) პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰუსეინ ბალოღლუ.

ცნობილი თურქი ექიმი, პროფესორი და პათოლოგიური ანატომიის სპეციალისტია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ციფრულ პათოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში. ის არის ერთ-ერთი პიონერი ციფრული პათოლოგიის (Digital Pathology) დანერგვაში. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მიკროსკოპული გამოსახულებები გაციფრულდეს და დიაგნოზი დისტანციურად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაისვას.

"პირადად მე, ისეთი სიტუაცია არ გამომიცდია, როცა შეცდომა დავუშვი დასკვნაში, მაგრამ რთული და საეჭვო შემთხვევები გვქონია. თუმცა, მეორე პათოლოგის დასკვნა, ანუ მეორე თვალი, გვაძლევს იმის საშუალებას, წელიწადში დაახლოებით 8-10 პაციენტი ვიხსნათ სერიოზული შეცდომისგან. ამას ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით. ამასთანავე, ყოველწლიურად, მსოფლიო კონგრესზე და აშშ-ში გამართულ პათოლოგიის კონგრესებზე სპეციალური სესიებია, სადაც ექიმები გამოდიან და საკუთარ შეცდომებს თავად აღწერენ, რა შეეშალათ და რატომ. ეს არის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, რათა სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს." - აცხადებს ჰუსეინ ბალოღლუ "აიპრესთან' ინტერვიუში, რომლის ვრცელ ვერსიას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

"ყოფილა ისეთები შეცდომებიც, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი მოჰყოლია. ერთ მაგალითს გავიხსენებ, მეორე კურსის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა გოგონამ უცხოეთიდან მოგვმართა, სადაც მას კუჭიდან ბიოფსია აუღეს და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა კიბო. ის ჩვენთან ამ ბიოფსიის მასალით მოვიდა, რომელიც შევისწავლეთ და მართლაც აღმოჩნდა, რომ ჰქონდა იშვიათი ტიპის სიმსივნე, რაც ამ ასაკში თითქმის არ გვხვდება. ლიტერატურაშიც კი თითქმის არ არის აღწერილი. ამან ეჭვი გაგვიჩინა და გადავწყვიტეთ, ხელახლა გაგვეკეთებინა ენდოსკოპია. კუჭიდან ავიღეთ ანალიზი და ახალ ნიმუშებში სიმსივნე არ აღმოჩნდა. გასტროსკოპიულ კვლევაშიც სიმსივნე არ დადასტურდა. მაშინ, ეჭვი შეგვეპარა, ეკუთვნოდა თუ არა თავდაპირველი ანალიზები ამ პაციენტს. ჩავატარეთ გენომური ანალიზი და შევადარეთ პაციენტის სისხლიდან აღებული მასალა მის მიერ მოწოდებულ ბიოფსიის ნიმუშს. ამის შემდეგ გაირკვა, რომ ის ბიოფსია საერთოდ არ ეკუთვნოდა ამ გოგოს. ამ ამბავმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება.

ასეთი შეცდომებიც ხდება ხოლმე, როდესაც ტექნიკოსი აურევს ანალიზის პასუხებს და არასწორი სახელით გადააგზავნის ან მედპერსონალი დაუშვებს შეცდომას. ასეთი რამ, პრაქტიკაში ხდება. ამიტომ, პათოლოგი უნდა იყოს განსაკუთრებით ყურადღებით და აკონტროლებდეს პროცესის ყველა ეტაპს, რადგან საბოლოო დასკვნაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.

ჩვენც შეგვეძლო ამ ბიოფსიაზე დაყრდნობით გვეთქვა, რომ პაციენტს კიბო აქვს და ასეთ შემთხვევაში, ის გოგო, შესაძლოა მძიმე ქირურგიულ ოპერაციაზე წასულიყო და მთელი ცხოვრება ამ შეცდომის შედეგებით ეცხოვრა. ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება." - ყვება პათანატომი "აიპრესთან".