საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას ინკლუზიური განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.

„ინკლუზიური განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რასაც ადასტურებს ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ინკლუზიური განათლება უნდა იქცეს პედაგოგიურ სტანდარტად და გახდეს თანამედროვე პედაგოგიკის განუყოფელი ნაწილი.

 გასულ წელს სამინისტროში შეიქმნა სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური პოლიტიკისა და სერვისების განვითარების პროცესში. არაერთი მხარდამჭერი მექანიზმის მიუხედავად, ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში. ასევე ყურადღებას საჭიროებს ასისტენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება.

ზემოხსენებული მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ როგორც საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარების, ისე პროფესიული მხარდაჭერის მოდელების გაძლიერებაზე. საჯარო დიალოგის ფარგლებში გაჟღერებული თითოეული ინიციატივა სამინისტროს მიერ დეტალურად დამუშავდა, ხოლო მათი მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ასახავს სამინისტროს 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პროექტის ოთხთვიანი მიმდინარეობა თავის გამოსვლაში შეაჯამა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა. მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული საქმიანობისთვის.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საჯარო დიალოგის ძირითადი მიგნებები და მის საფუძველზე შემუშავებული ინიციატივები. მათ შორის იყო რესურსსკოლების მეთოდოლოგიურ ცენტრებად გარდაქმნა, სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური სერვისების განვითარება, სპეციალური მასწავლებლებისა და ასისტენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე დისლექსიის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.

საჯარო დიალოგის ფარგლებში მიღებული მიგნებები საფუძვლად დაედება ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სერვისების შემდგომ გაუმჯობესებას, რაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომ, თანასწორ და ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. ქვეყნის მასშტაბით 15 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 2 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

პროექტის მიზანი იყო, სახელმწიფო უწყებებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებით, სისტემაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ინკლუზიური განათლების სერვისების განვითარების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვა. ინიციატივა ასევე მიზნად ისახავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არსებული მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე მსოფლიო ბანკის პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ – მხარდაჭერით განხორციელდა.