უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, კრასნოგოროვკას მახლობლად დაიკავეს რამდენიმე პოზიცია, რომელსაც რუსი ოკუპანტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ.
 

მედიის ინფორმაციით, ეს არის ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორია, ქალაქ დონეცკის მახლობლად.

უკრაინული მედია წერს, რომ მოიერიშე ქვედანაყოფები მტრისთვის მოულოდნელად დაწინაურდნენ და ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები უშედეგოდ ცდილობენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში ამ მიმართულებით 104 რუსი სამხედრო განადგურდა, 202 კი დაიჭრა, ორი ტყვედ აიყვანეს. ასევე, განადგურდა 34 ერთეული სამხედრო ტექნიკა. მედიის ცნობით, პარალელურად, რუსი სამხედროები უშედეგოდ ცდილობდნენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას ავდეევკას და მარინკას მისადგომებთანაც.