პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერი ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა ოფიციალურად გაათავისუფლა. ამის შესახებ DW წერს.
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გადადგომის შესახებ მოწმობები გადასცა ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს და მისი მთავრობის 14 მინისტრს.
ცერემონია ბერლინის ცენტრში, საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.
მინისტრები გაათავისუფლეს, მაგრამ რჩებიან მოვალეობის შემსრულებლად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონის 69-ე მუხლის თანახმად, ახალი მთავრობის ფორმირებამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მთავრობის დაკომპლექტებას 20 აპრილამდე გეგმავს.
შტაინმაიერმა მადლობას გადაუხადა შოლცს და მინისტრებს სიტყვით გამოსვლისას და მას "გონიერების ხმა" უწოდა და შეაქო კანცლერისა და მთავრობის "უზარმაზარი ძალისხმევა", მათ შორის უკრაინაში ომის შედეგების დაძლევაში. შოლცი და შტაინმაიერი ადრე თანამოაზრეები იყვნენ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (SPD).
ცნობისთვის, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თებერვლის ბოლოს გაიმართა, რომელშიც ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.