საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ევროპისთვის დაუშვებელია, ამიტომ, ევროპული დედაქალაქები მზად უნდა იყვნენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას "სანამ საჭირო იქნება", თუნდაც აშშ-ის ჩართულობის გარეშე. ამის შესახებ მაკრონმა შვედეთში ვიზიტისას ისაუბრა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩამოთვალა უკვე მიღებული არაერთი გადაწყვეტილება თავდაცვის წარმოების გაზრდის მიმართულებით, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო.
„პირველ რიგში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა გადაწყვიტოს შეერთებულმა შტატებმა. დიდი შანსია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც ჩვენი პარტნიორი იქნება. მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა ევროპის კონტინენტის ნაწილია. რაც არ უნდა გააკეთოს აშშ–მ, ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა მან და განაგრძო:
"შეუძლებელია, დავუშვათ ამ ომში რუსეთის გამარჯვება. რადგან რუსეთის გამარჯვება ნიშნავს, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ჩვენს კონტინენტზე აღარ არსებობს. როგორი იქნება ნატოს „აღმოსავლეთის ფლანგის“ და მთლიანად ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მომავალი, თუ ასეთი დიდი საერთაშორისო ძალისხმევის შედეგი იქნება რუსეთის გამარჯვება?“.
მისი თქმით, საჭიროა რიგი გადაწყვეტილებების მიღებას ცალკეული ქვეყნების და ევროკავშირის დონეზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა, ნატოში გაწევრიანების მიუხედავად, მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთ მომავალზე უსაფრთხოების მიმართულებით – მნიშვნელოვანია, განავითარონ საკუთარი თავდაცვის ინდუსტრია, ინოვაციები და შექმნან ერთობლივი პროექტები, რაც არ ნიშნავს "ნატოს ჩანაცვლებას", არამედ მხოლოდ ევროპის როლის გაძლიერებას ნატოში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერა არა მხოლოდ უკრაინისთვის და რუსეთის გამარჯვების აღსაკვეთად, არამედ იმისთვის, რომ ევროპა მსოფლიოში გეოპოლიტიკურ მოთამაშედ აღიქმებოდეს, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი ბედის შესახებ.
„ჩვენს შვილებს მომავალი არ ექნებათ, თუ ვერ შევძლებთ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის უზრუნველყოფას და იარაღის კონტროლს... ჩვენ უნდა ვიყოთ განმსაზღვრელი ჩვენი მომავლის"