აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს, საიდუმლო დოკუმენტების საქმის დახურვას გამოეხმაურა და მის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეების შეწყვეტისკენ მოუწოდა სამართალდამცველებს. ამის შესახებ მან თავის Truth Social-ის გვერდზე დაწერა.
ტრამპმა კომენტარი მკვლელობის მცდელობის გახსენებით დაიწყო, რომელიც შაბათს, მისი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე მოხდა.
"როდესაც მე ვმუშაობ ჩვენი ერის გაერთიანებაზე შაბათის საშინელი მოვლენების ფონზე, ფლორიდაში უკანონო ბრალდებების უარყოფა მხოლოდ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რასაც მოჰყვება კუდიანებზე ნადირობის ყველა საქმის დახურვა," - წერს დონალდ ტრამპი.
ტრამპმა კიდევ ერთხელ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ მის მიმართ არსებული ყველა ბრალდება "პოლიტიკური თავდასხმებია."
"იუსტიციის დემოკრატიულმა დეპარტამენტმა კოორდინაცია გაუწია ყველა ამ პოლიტიკურ შეტევას, რომელიც არის შეთქმულება არჩევნებში ჩარევის მიზნით, ჯო ბაიდენის პოლიტიკური ოპონენტის, ჩემს წინააღმდეგ. მოდით გავერთიანდეთ, რომ დავასრულოთ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება და გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!" – დაწერა ტრამპმა.
ფლორიდის ოლქის მოსამართლე ეილინ ქენონმა ორშაბათს, 15 ივლისს, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ფედერალური საქმის დახურვის ბრძანება გამოსცა, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო შენახვის ბრალდებით მიმდინარეობდა.
ტრამპს სულ 37 ბრალი ემუქრება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის შეგნებულად დამალვის, მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის, ფედერალურ გამოძიების დოკუმენტის დამალვაში და ცრუ განცხადებების გაკეთების საქმეში.