აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა წვდომა გვქონდეს თავდამსხმელის მობილურზე. ტელეფონი ქუანტიკოს ლაბორატორიაშია გადაგზავნილი“, – აცხადებენ გამოძიების ფედერალურ ბიუროში.
ასევე, როგორც ცნობილია, ჯერ არ გამოვლენილა რამე იდეოლოგიური კავშირი თავდასხმასთან. გამოძიება გრძელდება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მაგრამ ასევე განიხილება, როგორც პოტენციური შიდა ტერორისტული თავდასხმა. გამოძიებასთან თანამშრომლობს თავდამსხმელის ოჯახიც. იარაღი, რომლითაც დონალდ ტრამპზე განხორციელდა თავდასხმა, ლეგალურად იყო შეძენილი. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის მანქანაში იპოვეს საეჭვო მოწყობილობა და მიმდინარეობს მისი გამოკვლევა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თავდამსხმელის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.