დონალდ ტრამპმა თავდასხმის შემდეგ გამოცემა Washington Examiner-თან ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში თქვა, რომ 14 ივლისს ის ან იღბალმა ან ღმერთმა გადაარჩინა. მისი თქმით, ის წესით მოკლული უნდა იყოს, რომ არა მისი თავის მოულოდნელი მოძრაობა.
ტრამპის თქმით, ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ მან თავი მოატრიალა ზუსტ დროს და ზუსტი მიმართულებით, რის გამოც გასროლილი ტყვია თავში არ მოხვდა.
ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა სროლის შემდგომ მომენტზე და ხალხის რეაქციაზე.
"ენერგია, რაც ხალხისგან მოდიოდა იმ მომენტში... ისინი უბრალოდ იდგნენ. რთულია აღწერო ეს შეგრძნება, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო გვიყურებდა. ვიცოდი, რომ ისტორია განგვსჯიდა, და მათთვის უნდა მეჩვენებინა, რომ კარგად ვართ" - თქვა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ის თავდასხმის გამო მთლიანად შეცვლის მის მომავალ სიტყვას, რომელიც მილოუკიში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე უნდა თქვას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.