რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ შესრულდება ამ ქვეყნის 1991 წლის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციაში მითითებული პირობები, მათ შორის უბლოკო სტატუსი. ამის შესახებ გაეროს გენასამბლეის 78-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვმა უკრაინის სუვერენიტეტი აღიარა მისი დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, სადაც „წერია ბევრი კარგი რამ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და პირდაპირ არის ნახსენები რუსული ენა“.
„თუმცა ჩვენთვის, ამ დეკლარაციაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეხებოდა იმას, რომ უკრაინა იქნება უბლოკო ქვეყანა და არ შევა არცერთ სამხედრო ალიანსში. იმ პირობების შესრულების შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ლავროვმა.