ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ყოფილ მეთაურს პუტინის დახმარებაში სდებს ბრალს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი ანდრეი ბაბიში.

ფიალას თქმით, ბაბიში არ უჭერს მხარს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემის მიზნით შემუშავებულ ინიციატივას და სამხედრო ხარჯების გაზრდის წინააღმდეგია.

„ბაბიში საუბრობს მშვიდობაზე ყოველგვარი პირობების გარეშე. ის ეხმარება ვლადიმერ პუტინს, ეს ძალიან ნათელია“, – თქვა პეტრ ფიალამ.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პრაღის მიერ ინიცირებული საბრძოლო მასალების ინიციატივა, რომელიც შეიქმნა მოკავშირე ქვეყნებისგან შემოწირულობების შესაგროვებლად, უკრაინისთვის მსოფლიოს მწარმოებლებისგან საბრძოლო მასალების შესყიდვის თანადასაფინანსებლად, შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ ჩეხეთში მთავრობა შეიცვლება.

ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბაბიშს მოქალაქეთა 33 პროცენტი უჭერს მხარს, მაშინ როდესაც მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიას 17 პროცენტი ემხრობა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანდრეი ბაბიში პოპულისტური პარტიის, „ანოს“ ლიდერია. მისი რიტორიკა უნგრეთის მთავრობის მეთაურის, ვიქტორ ორბანისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მსგავსია.

ბაბიში ამტკიცებს, რომ უკრინაში ომის დასრულების გზა დიპლომატიაზე გადის და არა კიევისთვის მეტი იარაღის გადაცემაზე.

ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები წელს, შემოდგომით არის დაგეგმილი.

თარგმანი: პირველი არხი