ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ 2 თვის წინ მომხდარი სამხედრო აჯანყების დროს, ვაგნერელებმა ხსენებული შტაბი დაიკავეს.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, პუტინი შტაბში 19 აგვისტოს იმყოფებოდა, "რათა საკუთარი ძალაუფლება ეჩვენებინა".
დონის როსტოვში მდებარე შტაბი ფრონტის ხაზიდან 160 კილომეტრში მდებარეობს. ამ შტაბში უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროები იმყოფებიან. დაზვერვაში ამბობენ, რომ პუტინმა მაღალ ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა, მათ შორის გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ვალერი გერასიმოვთან.
"ვაგნერმა 2023 წლის ივნისში დაიკავა შტაბი. პუტინს დიდი ალბათობით, საკუთარი ძალაუფლების ჩვენება და იმის წარმოჩენა თითქოს უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - წერია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.