ევროკავშირი მალე გაფართოვდება პორტუგალიური ლისაბონიდან უკრაინულ ლუგანსკამდე, - ამის შესახებ, RBC-Ukraine-ს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა განაცხადა.
"უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფალ საზოგადოებაში და მალე ის გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე. ყველა სოფელში, ყოველ მეტრზე, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, ყოველი მეტრით, სადაც ის ათავისუფლებს თავის ხალხს, ასევე აფართოებს გზას ევროკავშირისკენ“, - თქვა მან.
2 ოქტომბერს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დღეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომელიც 1 ოქტომბერს მოულოდნელად ჩავიდა კიევში. მანამდე მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბორელმა შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება პირველად იმართება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.
მისი თქმით, მინისტრები აპირებენ, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე ეხება არაფორმალურ შეხვედრას, რომელზედაც კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. „ბრეინსტორმინგი“ უკრაინასა და რუსეთს შორის ომში ვითარებისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის ნაბიჯების შესაფასებლად.