გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თვლის, რომ უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე გადაწყვეტილება უფრო სწრაფად უნდა მიიღონ, რადგან ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ბერბოკმა ორშაბათს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს Taurus-ის უკრაინისთვის სწრაფად მიწოდებას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა: "რაც ყოველდღიურად წყდება, არის ის, რაც, ვფიქრობ, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უნდა გვეგრძნო."
ამასთანავე, ბერბოკმა გაიხსენა დანიისა და ნიდერლანდების გადაწყვეტილება წვრთნების დასრულების შემდეგ უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ და ამას "უკრაინისთვის და, შესაბამისად, ევროპისთვის მშვენიერი დღე" უწოდა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სისასტიკე ყოველდღიურად ახსენებს თავს მსოფლიოს.
"და გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვართ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა... და ამ კუთხით, ჩვენ ვსწავლობთ უკრაინის ყველა შემდგომ მოთხოვნას, რათა მას საშუალება ჰქონდეს დაიცვას საკუთარი მოსახლეობა." - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Taurus-ის რაკეტები გერმანიის საჰაერო ძალების ყველაზე თანამედროვე იარაღია. Taurus ფუნქციით Storm Shadow-ს ფრთოსან რაკეტებს ჰგავს, რომლებიც უკრაინას უკვე მიაწოდეს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა (ფრანგული რაკეტა ცნობილია როგორც SCALP).