გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბერლინი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას უკანონოდ მიიჩნევს. ამის შესახებ მან ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, რომელსაც ჩვენ არასოდეს მივიღებთ და რომელიც უშედეგოდ არ ჩაივლის. ლუგანსკი არის უკრაინა. დონეცკი არის უკრაინა. ზაპოროჟიეს ოლქი არის უკრაინა. ხერსონი უკრაინაა, ყირიმი ასევე უკრაინაა," - ხაზგასმით აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
მან გაიხსენა ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალი შემთხვევა, მათ შორის ყირიმელი თათრების გაწვევა და მობილიზება, პროპაგანდა და გასამხედროებული გაკვეთილები სკოლებში.
გარდა ამისა, ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსეთი ნახევარკუნძულის ტერიტორიას უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს და ყირიმი რუსული ძალების ლოგისტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია ფრონტზე.
"დღევანდელი შეხვედრა უკრაინის პარტნიორებისა და მეგობრების ურყევი ერთგულების დასტურია. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს და მშვიდობა მოიპოვოს," - თქვა მან.
ბერბოკმა სიტყვა დაიწყო და დაასრულა ყირიმში დაკავებული ჟურნალისტის, ირინა დანილოვიჩის ხსენებით, რომელსაც საოკუპაციო ხელისუფლებამ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა, რომ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის მიმართ გერმანიის ორმხრივი დახმარების ჯამური ღირებულება 22 მილიარდ ევროს აღწევს.