ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირას საღამოს გერმანიის ელჩი პატრიცია ფლორი დაიბარა. ამის მიზეზი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაა, რომ სი ძინპინი დიქტატორია. ამ ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.
მოკლე კომენტარში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ელჩი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს" ბერბოკის განცხადებებთან დაკავშირებით.
გასულ კვირას, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ბერბოკმა Fox News-ზე სი ძინპინს დიქტატორი უწოდა, როცა უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
"თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, რა ნიშანი იქნება ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი," - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.
ჩინეთმა გამოთქვა აღშფოთება ბერბოკის განცხადებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს იყო "უკიდურესად აბსურდული, ღია პოლიტიკური პროვოკაცია" და სერიოზულად ლახავს ჩინეთის ღირსებას.