აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის მთავრობის 2021-2026 წლების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მთიანი ყარაბაღზე და აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პირობებზეც ისაუბრა.
ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან მოიძიონ სხვა საცხოვრებელი ადგილი, - განაცხადა ნიკოლ პაშინიანის პარლამენტის წინაშე გამოსვლის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანასთან არ განიხილავს საშინაო საკითხებს.
„ყარაბაღი ჩვენი შიდა საქმეა“ და „სეპარატისტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ ორი არჩევანი: ან იცხოვრონ აზერბაიჯანის დროშის ქვეშ, ან წავიდნენ“, - თქვა პრეზიდენტმა.
ყარაბაღის მეორე ომიდან გასულ ორწელიწად-ნახევარში ყველამ დაინახა აზერბაიჯანის ნება, მონდომება და ძალა.„ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ ამ მიწების მფლობელები და არავის მივცემთ ჩვენი ტერიტორიის მართვის უფლებას“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
ილჰამ ალიევმა ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებსაც შეეხო. „სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხური მხარის პოზიციაში იყო სხვადასხვა ზიგზაგი ანუ სხვადასხვა ცვლილებები.“
ამასთან, გასულ წელს, პრაღის და სოჭის შეხვედრებზე სომხეთმა ოფიციალურად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ანუ მან აღიარა, რომ „ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე", - განმარტა აზერბაიჯანის ლიდერმა.
„თუ მათ თქვეს ანი, მაშინ ბანიც უნდა თქვან". მას შემდეგ, რაც გამოაცხადა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღიარა ალმათის დეკლარაცია, სომხეთმა ასევე ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ „ყარაბაღი - აზერბაიჯანია“, - აღნიშნა ალიევმა.