ორი წლის წინ, ამაზონის სასტიკ ჯუნგლებში თვითმფრინავის კატასტროფიდან 40 დღის გატარების შემდეგ, ერთიდან 13 წლამდე ასაკის ოთხ კოლუმბიელ და-ძმას მაშველებმა მიაგნეს და გადაარჩინეს. ეს ისტორია კვლავ მოექცა საინფორმაციო სააგენტოების ყურადღების ცენტრში, თუმცა სრულიად განსხვავებული მიზეზით. ამ დღეებში, კოლუმბიაში, ორი უმცროსი შვილის ბიოლოგიურ მამას და ორი უფროსი შვილის მამინაცვალს, უფროს გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მამინაცვალი, მანუელ რანოკი, ლესლი მუკუტუის, რომელიც ახლა 15 წლისაა, 2020-დან 2023 წლამდე პერიოდში, როდესაც ის 10-დან 13 წლამდე ასაკის იყო, სოლანოში, პუერტო-საბალო-ლოს-მონოსის ინდიელთა რეზერვაციაში, აუპატიურებდა. გენერალური პროკურორის გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგონა მამინაცვალმა დააშინა და ძალადობის შესახებ მან მხოლოდ ჯუნგლებში 40 დღის გატარების შემდეგ, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მიზნით კოლუმბიის ოჯახის კეთილდღეობის ინსტიტუტში ყოფნის პერიოდში განაცხადა.

ზეპირი მოსმენის დროს მტკიცებულებები დამაჯერებელი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსამართლემ რანოკე დამნაშავედ ცნო 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან იძულებითი სქესობრივი კავშირისა და დამამძიმებელ გარემოებებში სექსუალური კავშირის ჩადენის დანაშაულებში და 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - იტყობინება ადგილობრივი მედია.

ლესლიმ, რომელიც ავარიის დროს მხოლოდ 13 წლის იყო, მოახერხა საკუთარი თავის და სამი და-ძმის მოვლა, რომლებიც მაშინ ცხრა, ოთხი და ერთი წლის იყვნენ. ბავშვები უიტოტოს მკვიდრი ხალხის წარმომადგენლები არიან, რომელთა ჯუნგლებში გადარჩენის ძირითადი ტექნიკა მხოლოდ უფროსმა გოგონამ, ლესლიმ იცოდა.

ბავშვები დედასთან ერთად პატარა Cessna 206-ით მიფრინავდნენ ამაზონის პროვინციიდან, არარაკარიდან, გუავირეს დეპარტამენტის დედაქალაქ სან-ხოსე-დელ-გუავიარეში. როგორც ამბობენ, თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები აფრენიდან მალევე შეექმნა და ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. პილოტმა განგაშის სიგნალის გაგზავნა მოახერხა. ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია ორმოცი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.