ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა მერის პირველ მოადგილე გიორგი პაპიაშვილთან ერთად, ქალაქ ხაშურში, ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მოსწორება, რის შემდეგაც მოეწყობა ასფალტის საფარი, გაკეთდება ქვაფენილიანი ტროტუარები, ახალი განათების სისტემა და აშენდება სანიაღვრეები. პროექტის ფარგლებში, ანალოგიურად ეწყობა ბარნოვის ქუჩა ჩიხების გათვალისწინებით და ნიკო ნიკოლაძის ქუჩა.
ქალაქში, მუნიციპალიტეტის მიერ, უკვე განხორციელდა დადიანის, ყაზბეგის, აგარის ქუჩების კაპიტალური მშენებლობა. მომზადებულია პროექტები და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ლომოურის, 26 მაისის, ასათიანის , მაჩაბლისა და სააკაძის ქუჩების მშენებლობა. ამ ეტაპზე ხორციელდება რუსთაველის, აღმაშენებლის, ტაბიძის, კოსტავას ქუჩებისა და ცენტრალური მოედნის პროექტირება. ეტაპობრივად, ყველა ქუჩა მოწესრიგდება, მას შემდეგ, რაც წყლისა და წყალარინების პროექტი განხორციელდება.
ქალაქ ხაშურში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები 267 390 ლარს შეადგენს და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.